X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წნორში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა

7 ოქტომბერი 2024

,,წნორში დასრულებული სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტი ქალაქისთვის წარმოადგენს არა მხოლოდ სპორტულ ობიექტს, არამედ  მიზიდულობის ახალი ცენტრს,  სადაც, მოზარდებსა და  პროფესიონალებს ექნებათ შესაძლებლობა  ღირსეულ  პირობებში ივარჯიშონ. სპორტული კომპლექსი, სადაც გათვალისწინებულია სივრცეები სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე სტანდარტს. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ კომპლექსში ბევრი  მომავალი ჩემპიონი გაიზრდება“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ  წნორის ახალი სპორტული კომპლექსის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაასრულა.

სპორტულ კომპლექსში მოეწყო კომბინირებული - მინი ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის საერთაშორისო სტანდარტების მოედანი, 150 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით. მოედნის გარდა, სპორტული კომპლექსი მოიცავს მულტიფუნციურ სივრცეს ფიზიკური მომზადებისა და ჭიდაბისთვის, ქალთა და მამაკაცთა გასახდელებსა და საშხაპეებს, ადმინისტრაციისმწვრთნელების, მსაჯების და სამედიცინო ოთახებს.

კომპლექსი უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებით და სრულად არის  ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.

ქალაქ წნორისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას უკვე აქვს კეთილმოწყობილი გარემო სპორტული აქტივობისა და სპორტის მრავალ სახეობაში ტურნირების ჩასატარებლად. ახალი სპორტკომპლექსი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

სპორტული კომპლექსის მშენებლობის  პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.3 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ირაკლი ქარსელაძემ ასევე, აღნიშნა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ქალაქის განვითარებას უწყობს ხელსწნორს  უკვე აქვს ახალი პარკი, სადაც მრავალი ღონისძიება ტარდება და მზადდება 180 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის  პროექტი.